საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის ისტორია
ეკლესიის ისტორია
კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული _ ქართლის სამეფო და (ბერძნ. იბერია) დასავლურ ქართული _ ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.
დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.
წმ. მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ, როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II _ III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.
რასაკვირველია, წმიდა მოციქულთა ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოში I _ III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი. ქართველები.